გერმანიაში რუსეთის ელჩმა ლაიფციგის აეროპორტში დრონთან დაკავშირებულ ინციდენტში რუსეთის მიმართ ბრალდებებს უსაფუძვლო და აბსურდული უწოდა
გერმანიაში რუსეთის ელჩმა, სერგეი ნეჩაევმა, ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გერმანიის მიერ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ „უსაფუძვლო“ და „აბსურდული“ უწოდა.
რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის ინფორმაციით, ნეჩაევი პირველ სექტემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
„რუსეთის ელჩმა ბერლინის მიერ წაყენებული ბრალდებები კატეგორიულად უარყო და მათ უსაფუძვლო, აბსურდული და საღ აზრთან შეუსაბამო უწოდა“, – ნათქვამია რუსეთის საელჩოს განცხადებაში.
ნეჩაევის განცხადებით, ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი „პროვოკაციაა“.
„მივუთითე, რომ ლაიფციგის აეროპორტში ნაჩქარევად მოწყობილი პროვოკაცია მხოლოდ კიევის რეჟიმის, ევროპული პოლიტიკური კლასის მილიტარისტული ნაწილისა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლების ინტერესებს ემსახურება, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის გაღვივებით არიან დაინტერესებული“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
ნეჩაევმა ასევე გააკრიტიკა გერმანიის მიერ ინციდენტთან დაკავშირებით გამოცხადებული ზომები და აღნიშნა, რომ ისინი რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების „უპრეცედენტო ესკალაციას“ წარმოადგენს.
„გერმანიის მხრიდან გამოცხადებული ზომები რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების უპრეცედენტო ესკალაციაა და ამას შედეგები მოჰყვება. ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად გერმანიის მთავრობას დაეკისრება“, – განაცხადა ნეჩაევმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ გერმანიის ხელისუფლება აგრძელებს პოლიტიკას, რომელიც რუსეთ-გერმანიის ურთიერთობების „ოდესღაც მყარი საფუძვლის ნგრევას“ იწვევს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ „რუსული სახლისა“ და ბონში რუსეთის გენერალური საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილებას მოსკოვი სათანადო პასუხს გასცემს.
„როგორც ყოველთვის, მათ არ წარმოუდგენიათ რაიმე დამაჯერებელი და სერიოზული მტკიცებულება. ასეთი მტკიცებულებები უბრალოდ არ არსებობს და არც შეიძლება, არსებობდეს. მათ მიზეზი მოიგონეს. ამასთან, თავად ბერლინი სრულად არის ჩართული როგორც უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში, ისე მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებში. „რუსული სახლი“ მათ დიდი ხანია, მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომ ეძებდნენ მიზეზს. მოსკოვი რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ყველა გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს“, – აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, რომ ლაიფციგში ჰიბრიდულ თავდასხმაზე პასუხისმგებელი რუსეთია. ამასთან, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ იოჰან ვადეპულის თქმით, ბერლინი ლაიფციგში მომხდარ ჰიბრიდულ თავდასხმას „პროპორციულად და გააზრებულად, თუმცა მტკიცე ფორმით“ და დამატებთი ზომებით უპასუხებს, რომლის ფარგლებშიც, ბონში რუსეთის საკონსულო დაიხურება და გაუქმდება შეთანხმება, რომელიც ბერლინში რუსული კულტურის ცენტრის, „რუსული სახლის“ ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა.