ვლადიმერ ბოისა - დაგვპირდნენ, რომ „ევრობასკეტამდე“ საქართველოში ახალი საკალათბურთო დარბაზი აშენდება
15 ივლისს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში, 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. ტურნირის მასპინძლობის სურვილის მქონე შვიდი ქვეყანა იყო და ოთხ გამარჯვებულს შორის საქართველოც მოხვდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა, ვლადიმერ ბოისამ, რომელიც მიუნხენში იმყოფება, კომენტარი ექსკლუზიურად საქართველოს პირველ არხთან გააკეთა.
„ძალიან დიდი შრომა გავწიეთ ბოლო ორ-სამ წელში. სამი თვის წინ ჩატარდა არჩევნები „ფიბაში“ (FIBA) და ჩვენ სწორ კანდიდატს დავუჭირეთ მხარი, რომელმაც მოიგო. ძალიან დიდი პრობლემა იყო დარბაზი, რადგან ჯერჯერობით არ გვაქვს ისეთი არენა, რომელიც 10,000 კაცს დაიტევს, თუმცა ახლა მთავრობამ პირობა მოგვცა, რომ ტურნირამდე მსგავს დარბაზი აშენდება. ჩვენმა პრეზიდენტმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა მხარი დაგვიჭირა და განაცხადა, რომ ასეთ დარბაზს ააშენებენ. ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ, როგორც კალათბურთის ქვეყანა, ევროპაში უკვე ცნობილები ვართ. ეს საქართველოსთვის ძალიან კარგია, სპორტისთვის ძალიან კარგია, ტურისტული კუთხით არის უმაგრესი და რა თქმა უნდა, კალათბურთისთვის არის საუკეთესო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოისამ.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს ჩეხეთი, გერმანია და იტალია უმასპინძლებენ.