ხვალ ავსტრალიასთან ტესტმატჩს გავმართავთ - საქართველოს ნაკრების ვარჯიშს ოკინაველი მოსწავლეები დაესწრნენ [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ვარჯიში გამართა ოკინავას გიმნაზიუმ არენაზე, რომელსაც იაპონელი ბავშვები დაესწრნენ. ეს გაცვლითი პროგრამაა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ოკინავას მერიას შორის, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ნაკრების ვარჯიშს ოკინავას ქალაქის სხვადასხვა სკოლის ბავშვები დაესწრნენ. ბავშვებმა მოგვიანებით არენის გვერდით მდებარე სკოლაში გადაინაცვლეს და ჩვენი ნაკრების სამ წევრს უმასპინძლეს.

შეხვედრას ოკინავას დაწყებითი სკოლებისა და საკალათბურთო გუნდების 44 ბავშვი დაესწრო. იაპონელ მოსწავლეებს ჩვენი ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ვლადიმერ ბოისა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი და მოთამაშეები, თად მაკფადენი, კახა ჯინჭარაძე და გიორგი ტურძილაძე შევხვდნენ.

ვარჯიშმა კი, ტრადიციულად, მაღალ ტემპში ჩაიარა. ილიას ზუროსი და მისი ასისტენტები – ანატოლი ბოისა და მანუჩარ მარკოიშვილი იმ ტაქტიკურ მონახაზსა და კომბინაციებს  ამუშავებინებდნენ კალათბურთელებს, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შეარჩიეს.

საქართველოსა და ავსტრალიის ნაკრებების ამხანაგურ მატჩს იაპონელი ბავშვები დაესწრებიან. სხვა მაყურებლებისთვის დარბაზის კარი დახურული იქნება და გუნდების შეთანხმების საფუძველზე არც მატჩის ტრანსლაცია გადაიცემა. ეს იქნება სავარჯიშო ხასიათის ტესტმატჩი, როგორიც ჩვენმა ნაკრებმა მიმდინარე მოსამზადებელ ციკლში უკვე ითამაშა ეგვიპტესა და ირანთან.

წყარო – საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია