„გარბენი უკრაინისთვის“ - საქართველოში მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართება #1TVSPORT
„გარბენი უკრაინისთვის“ - საქართველოში მხარდამჭერი ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება გაიმართება #1TVSPORT

5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო გარბენი გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაანონსდა. „გარბენი უკრაინისთვის“ კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდია.

საქველმოქმედო გარბენიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია biletebi.ge-ზე. მონაწილეები ადგილზე მიიღებენ მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამარჯვებული გამოვლინდება ქალებსა და მამაკაცებს შორის. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე ამ მასშტაბის საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება საქართველოში არ ჩატარებულა.

გარბენის გარდა, 5 ივნისს კახეთში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული და გასართობი აქტივობები, გაიმართება უკრაინელი ბავშვების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

„როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სოლიდარობის ავანგარდში ვიქნებით. ეს არა მხოლოდ სპორტული თემაა, რადგან მეგობარ ქვეყანას თანადგომას საქართველო უცხადებს. ჩვენს მასობრივ თანადგომას დაინახავს მეგობარი ქვეყანა და ის ადამიანები, რომლებიც ომის გამო პრობლემები შეექმნათ და საქართველოში იმყოფებიან“, – ამბობს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ვლადიმერ ბოისა, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი:

„უკრაინას მხარდაჭერა სჭირდება, ჩვენ კი იქ მიმდინარე მოვლენებს განვიცდით. ამ გარბენში მონაწილეობა მაქსიმალურად ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს, რადგან საქართველოში არსებული მასობრივი სოლიდარობა წარმოვაჩინოთ“.

მაია აზარაშვილი, გარბენის ორგანიზატორი:

„მიხარია, რომ ამ გარბენით ორი წლის განმავლობაში ჩაძინებული სახეობა გაიღვიძებს. პანდემიის გამო ბოლო ორი წელი გარბენებს ვერ ვატარებდით, ახლა კი ამ მშვენიერი წამოწყებით გაჩნდა შანსი, კახეთში ეს საჭირო და მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ“.

კატია შუმეი, უკრაინის მხარდამჭერი ფონდი:

„ვგრძნობთ ქართველების მხარდაჭერას, რომლის კიდევ ერთი გამოხატულება ეს გარბენი იქნება. მადლობა ამისთვის საქართველოს და ორგანიზატორებს“.