დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების ყველა მერვედფინალისტი ცნობილია. სამი დღის განმავლობაში მიმდინარე 1/16-ფინალური დაპირისპირებები დღეს ხუთი მატჩით დასრულდა.
ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერების, „ვიტ ჯორჯიასა“ და ბათუმის „დინამოს“ შეხვედრა, რომელიც „მცხეთა-პარკზე“ გაიმართა, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, ერთადერთი გოლი „ვიტ ჯორჯიას“ მეკარე ჯონი შეროზიამ გაიტანა, რომელმაც 48-ე წუთზე პენალტი გამოიყენა.
ბათუმში ქობულეთის „შუქურა“ „ნორჩ დინამოს“ შეხვდა და 4:0 დაამარცხა. გამარჯვებულებიდან გოლები გაიტანეს გიორგი ჩელებაძემ, ელგუჯა ლობჟანიძემ, ფელიპე ნუნიეშმა და ჯეფერსონ ჯერალდომ.
დანარჩენი მატჩები ასე დასრულდა:
“გარდაბანი” – “იმერეთი” 3:1
“მარგვეთი 2006″ – “თელავი” 0:4
“ლიახვი” – “ალგეთი” 5:2
აღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის 1/8-ფინალში „ვიტ ჯორჯიასთან“ ერთად, მისი ფარმ-კლუბი, „ვიტ ჯორჯია 2“ გავიდა. მათ გარდა, შემდეგ ეტაპზე ითამაშებენ „მეტა“, „გურია“, „მარკ სტარსი“, „დილა“, „სამტრედია“, „რუსთავი“, „გაგრა“,„ტორპედო“, „ჩიხურა“, თბილისის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“, „შუქურა“, „გარდაბანი“, „თელავი“ და „ლიახვი“.