ვიქტორ ორბანი – რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინაუგურაციის დროს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე, მისი სამშვიდობო პოზიცია უნგრეთისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციის შესახებ წერს, რომელსაც თავადაც დაესწრო.
როგორც ორბანი აცხადებს, თურქეთის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება პირადად მიულოცა.
„თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ანკარაში გამართული ინაუგურაციის დროს არჩევნებში გამარჯვება მივულოცე. მისი სამშვიდობო პოზიცია უნგრეთისთვის სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას ჰგავს!“, – წერს ორბანი „ტვიტერში“.
შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ფიცის დადების ცერემონიას 78 ქვეყნის მაღალი დონის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ანკარაში 21 ქვეყნის მეთაური, 13 ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ნატო-ს, „თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის“ და „ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
I congratulated President @RTErdogan on his election victory during his inauguration in Ankara. His pro-peace stance is like a breath of fresh air for Hungary! pic.twitter.com/6QlojLSb9i
— Orbán Viktor (@PM_ViktorOrban) June 4, 2023