რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში, ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანასა და დონის როსტოვში საწარმოო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასა და დონის როსტოვში მდებარე საწარმოო ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
თავდასხმამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია.
აფეთქებების ხმა ისმოდა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზეც.
დრონებით თავდასხმა ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორმა, ანდრეი ბოჩაროვმა დაადასტურა. მისი თქმით, დრონის ჩამოვარდნამ ვოლგოგრადის სამხრეთ ნაწილში მდებარე სამრეწველო ობიექტში ლოკალური ხანძარი გამოიწვია.
უკრაინული მედიის ცნობით, ვოლგოგრადში ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია.
ცნობისთვის, ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რუსეთში ერთ-ერთი უდიდესია. ის „ლუკოილის“ საკუთრებაა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 1957 წლიდან ფუნქციონირებს. ქარხანა წელიწადში დაახლოებით 14,8 მილიონ ტონა ნავთობს აწარმოებს.