ვილი სანიოლის სამუშაო დღე საქართველოში - ხალხის სითბომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT
ვილი სანიოლის სამუშაო დღე საქართველოში - ხალხის სითბომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შესაძებ საინტერესო ვიდეო გაავრცელა – „ვილი სანიოლის სამუშაო დღე საქართველოში“. ფრანგი მწვრთნელი ქართველებზე, საქართველოში დასახლებაზე, ნაკრებსა და რეგიონში ფეხბურთის გაცნობის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

– ჩამოსვლის დღიდან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ადამიანების სითბომ მოახდინა. დასავლეთ ევროპაში ხშირად ფიქრობენ, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ცივი ხალხი ცხოვრობს. თუმცა, ეს ასე არ არის, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა.

– ეროვნულ ნაკრებში მუშაობა დიდი პრივილეგიაა. კლუბისგან გასხვავებით, მე აქ ვმუშაობ არა მხოლოდ კლუბისა და ხელმძღვანელობისთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა. მაქვს ბინა და ყოველდღე ოფისში სამუშაოდ მივდივარ. საფრანგეთშიც მსგავსი სამუშო მქონდა – ყოველდღე მიწევდა ქალაქში გასვლა.

– ჩემი სამუშაო დღე ფეხბურთის ფედერაციაში იწყება. მე და ჩემი თანაშემწე ადელ ჩედლი მოვდივართ ოფისში და ვხვდებით თანამშრომლებს, რომელიც შეხვედრებს გეგმავენ. ხშირად გვიერთდება ჩემი მეორე თანაშემწე ზურა ხიზანიშვილი, სამედიცინო პერსონალი, ვიდეოანალიტიკოსებთან ერთად ჩანაწერებს ვარჩევთ და ვამონტაჟებთ – ნაკრების შემდეგი მატჩისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოს.

– საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე მატჩს დავესწარი და საინტერესო მოთამაშეებს დავაკვირდი. მარტის შეკრებაზე ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელები უკვე გამოვიძახე. ამას მომავალშიც გავაკეთებ, რადგან ჩემპიონატში საინტერესო ფეხბურთელები არიან. მაგალითად ვიყავი ბათუმის „დინამოს“ და „საბურთალოს“ შეხვედრაზე, რადგან ორივეგან საინტერესო მოთამაშეებია.

– სექტემბერში ბათუმის ულამაზესი არენა ნაკრების თამაშს პირველად უმასპინძლებს. მსურდა, გამომეცადა ამ სტადიონის ატმოსფერო და მცოდნოდა, რა გველოდებოდა შემოდგომაზე. ბათუმი ძალიან განსხვავდება თბილისისგან, სადაც მეტი ხალხი, მოძრობა და სტრესია. ჩემთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ თბილისში ყოფნა, არამედ სხვა ქალაქების, კლუბების და სტადიონების მონახულებაა, რადგან ისინი ქართული ფეხბურთის ნაწილია. როდესაც ადამიანი ქვეყანაში არ ატარებს დიდ დროს, გარკვეული საკითხების გაცნობიერება უჭირს. მაგალითად, ჩემთვის მნიშვნელოვანია ფეხბურთელების რეაქცია ჩემს ნათქვამებსა და ქმედებებზე. უნდა გავიცნო კულტურა, რაც ყოველთვის ამოსავალი ნაწილია. სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ და მხოლოდ შეკრებებზე ჩამოსვლას არ ვაპირებ.

– ბათუმის სტადიონის ზომა ოპტიმალურია, საფარი იდეალურია, შიგნიდან ოპტიმალურადაა მოწყობილი. სწორედ ასეთი კომპაქტური სტადიონია საჭირო. ამ რთული პერიოდის შემდეგ სასიამოვნო იყო სტადიონზე მაყურებელთან ერთად დასწრება. ბათუმში შესანიშნავი ატმოსფერო იყო და უკვე სექტემბრის მატჩს სიხარულით ველოდები. დარწმუნებული ვარ, აქ ნაკრების ფეხბურთელებიც ისიამოვნებენ.

– მოახლოებულია ორი ამხანაგური მატჩი, იმ დროისთვის ბევრი ფეხბურთელისთვის სეზონი უკვე დასრულებული იქნება. მათ ბევრი იშრომეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუმინეთთან და ნიდერლანდებთან მატჩებისთვის ენერგია დარჩებათ. ორივე ძლიერი მეტოქეა. მარტის მატჩების შემდეგ თამაშის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა საჭირო. სექტემბერში კი ჩემი გუნდისგან ველოდები ისეთივე ენერგიას, დისციპლინას და ხარისხს, როგორც მარტში. ორი მატჩიც და მერე ფეხბურთელები დაისვენებენ.