ლუის ენრიკე „პარი სენ-ჟერმენის“ ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ საკლუბო რეკორდი დაამყარა. ესპანელი სპეციალისტი პარიზული გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე მწვრთნელი გახდა.
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ლე ავრი“ 5:1 დაამარცხა. ეს ლუის ენრიკესთვის პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის რანგში 127-ე გამარჯვება იყო, რითაც მან ლორან ბლანის რეკორდი გააუმჯობესა.
ბლანის ხელმძღვანელობით „პარი სენ-ჟერმენმა“ 173 შეხვედრაში 126 გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ლუის ენრიკემ რეკორდულ მაჩვენებელს 188 მატჩში მიაღწია.
2023 წლის ზაფხულიდან ესპანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ჩატარებული 188 შეხვედრიდან პარიზელებმა 127 მოიგეს, 34 ფრედ დაასრულეს და 27-ში დამარცხდნენ. ამ პერიოდში გუნდმა 457 გოლი გაიტანა, რაც საშუალოდ ერთ მატჩში 2,4 გოლს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ, 2023 წლიდან მოყოლებული, ევროპის ხუთ წამყვან ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელებს შორის ლუის ენრიკეს ყველა ტურნირზე ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს მოპოვებული.
56 წლის ესპანელმა სპეციალისტმა „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად სამჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი და ორჯერ — ჩემპიონთა ლიგა. ის კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტულის მქონე მწვრთნელიცაა.
ლუის ენრიკეს „პარი სენ-ჟერმენთან“ მოქმედი კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს.