ვილი სანიოლი - ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და მიხარია, რომ ამ ცვლილებების თანამონაწილე მეც ვარ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და მიხარია, რომ ამ ცვლილებების თანამონაწილე მეც ვარ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კომენტარი გააკეთა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ-პლატფორმის შექმნაზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი ბრენდის პრეზენტაციასთან ერთად, მედიას ეროვნული ნაკრების ახალი ფორმები წარუდგინა. პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ. ეროვნული გუნდის თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა. „მე ვარ საქართველო”, – ასეთია ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობა, რომელიც ახალ იდეოლოგიას ახმოვანებს.

„როდესაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვახსენებთ, მხოლოდ გუნდს არ მოვიაზრებთ – ეს არის ის ღირებულებები, ფასეულებები და კულტურა, რომლებიც ამ გუნდის უკან დგას.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია აღნიშნული ცვლილებები. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელი საკუთარი გუნდის გარდა, მიეკუთვნებოდეს ძლიერ ინსტიტუციას, რომელსაც მკაფიოდ გამოხატული, საქვეყნოდ ცნობადი მახასიათებლები აქვს. ფილოსოფიაც ხომ ჩვენს თავში არსებული ხმაა, რომელიც გვეხმარება, არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ, რა გვინდა და რა მიზნები გვაქვს, საით მივისწრაფვით.

ფეხბურთელები იცვლებიან, თუმცა ბრენდის ღირებულებები და იდენტობა რჩება, ამიტომ, განსაკუთრებით ეროვნული ნაკრებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის მყარად დამკვიდრება სპორტის ინდუსტრიაში – მკაფიოდ განსაზღვრა, რა არის გუნდის ფასეულობები, საით აქვს გეზი აღებული, ა.შ. ვთვლი, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დასაწყისში ვართ და ძალიან მიხარია, რომ ამ ცვლილებების დამსწრე და თანამონაწილე „სტუმარი” მეც გახლავართ“, – ამბობს ვილი სანიოლი.