ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული გუნდების ერთიანი ბრენდ პლატფორმა წარადგინა #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ეროვნული გუნდების ერთიანი ბრენდ პლატფორმა წარადგინა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის გათამაშების ახალ ეტაპს მნიშვნელოვანი სიახლით იწყებს. დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ პლატფორმა შეიქმნა.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ.

ბრენდის ახალი პლატფორმის შექმნის პროცესში, ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ფეხბურთთან ასოცირებული სხვადასხვა ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ ჩართული – როგორც მოქმედი და ვეტერანი ფეხბურთელები, ისე გულშემატკივრები და ჟურნალისტები. ბრენდის ახალ პლატფორმაზე საკომუნიკაციო სააგენტო „ვინდფორსმა“ იმუშავა.

ჩართულ მხარეებთან ერთად, ხანგრძლივი კვლევის, კონსულტაციებისა და ინტერვიუების შედეგად, ნაკრების მიმდინარე ცხოვრების საერთო სურათი გამოიკვეთა და ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის ჩამოყალიბება გადაწყდა.

ლევან კობიაშვილი: „ვფიქრობ, რომ ეროვნული ნაკრების ბრენდმა მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც აუცილებელი იყო ცვლილება. ცვლილება, რომელიც იქნებოდა დროსთან ადეკვატური, თანამედროვე და ასევე, გაიზიარებდა ჩვენი რეალობის კონტექსტს და პრობლემატიკას.“

ფილოსოფია

პირველ რიგში, შემუშავდა ბრენდის პლატფორმა, რომლის უმთავრესი იდეა სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარებაა, რადგან სწორედ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ხდის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.

შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით, სხვებსაც შთააგონებს.

ვატო ქავთარაძე („ვინდფორსის“ დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი): „ქართული ფეხბურთი, როგორც ბრენდი, საბჭოთა კავშირის ეპოქაში ჩამოყალიბდა. მას შემდეგ, რაც ეს ეპოქა დასრულდა და ჩვენმა ფეხბურთმა დამოუკიდებლად განაგრძო არსებობა, ჩვენ ვერ მოვახერხეთ ჩვენი დამოუკიდებელი საფეხბურთო ფილოსოფიის შექმნა, რომელზეც შემდეგ მთელი დარგი და სამოქმედო სისტემა დაშენდებოდა.

ჩვენ უბრალოდ ინერციით გავაგრძელეთ სვლა და, შესაბამისად, დღემდე ექოსავით მოგვყვება პრაქტიკულად ყველა ის მანკიერი და დრომოჭმული სააზროვნო მოდელი, რომელიც საბჭოთა სისტემას ახასიათებდა. უმთავრესი და ყველაზე დესტრუქციული, რაც იმ ეპოქას ახლდა, იყო კოლექტივიზმი – სადაც ინდივიდები, მათი შესაძლებლობების მიუხედავად, ხელოვნურად თანაბრდებოდენ ერთმანეთთან. სისტემა მთლიანად შეზღუდვებზე, ლიმიტებზე და იერარქიულ შიშზე იყო აგებული. ის რკინის ფარდა, რომელიც ჩვენ თავისუფალი სამყაროსგან გვყოფდა, ისეთ ჩარჩოებს ქმნიდა ჩვენ ცნობიერებაში, რომლებიც ამ სამყაროსთან ჩვენ სრულფასოვან ინტეგრაციას შეუძლებელს ხდიდა – მას შემდეგაც კი, რაც ეს ფარდა ჩამოიშალა.

ამიტომ, ამ კოლექტივიზმისგან ერთხელ და სამუდამოდ გასათავისუფლებლად, ჩვენ მას ინდივიდუალიზმი დავუპირისპირეთ – სწორედ ის, რაზეც დასავლური ცივილიზაცია დგას და რაც განასხვავებს მას საბჭოურისგან. ახალი ბრენდ პლატფორმის მთავარი ქვაკუთხედი ინდივიდია – ინდივიდი, რომელსაც აქვს უნარი თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მუდმივი თვითგანვითარების რეჟიმში წარმართოს თავის ცხოვრება და სპორტული კარიერა. მხოლოდ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარ ერთობას აქვს შანსი აქციოს ეროვნული ნაკრები კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე.“