ვილი სანიოლი - ასეთი ფეხბურთით კარგის მოლოდინი ვერ გვექნება, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსწორდება #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ასეთი ფეხბურთით კარგის მოლოდინი ვერ გვექნება, მაგრამ თამაშის ხარისხი გამოსწორდება #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში 1:4 წაგების შემდეგ ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფრანგი მთავარი მწვრთნელის თქმით, ფეხბურთელები უპატიებელ შეცდომებს უშვებდნენ.

„ვულოცავ ბულგარეთის ნაკრებს გამარჯვებას. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს. ჩვენმა მეტოქემ რამდენიმე დღის წინ იტალიასთან ქულა მოიპოვა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ბულგარეთის ნაკრები რთული პერიოდის შემდეგ თავის ადგილს უბრუნდება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა გუნდის პრობლემებზე ილაპარაკა:

„ამ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არც თუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა“.

სანიოლმა სექტემბრის სანაკრებო თამაშებში გუნდის გამოსვლა უარყოფითად შეაფასა:

„სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბერის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება”.

საქართველოს ნაკრებმა სექტემბრის სამივე მატჩი დათმო. სულ კი გუნდმა ბოლო 4 თამაში ისე წააგო (ნიდერლანდებთან – 0:3, კოსოვოსთან – 0:1, ესპანეთთან – 0:4, ბულგარეთთან – 1:4), მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.