ბულგარეთმა საქართველო იოლად დაამარცხა - როცა დაცვაში მარტივ შეცდომებს უშვებ, მეტოქე გატანაზე უარს ვერ იტყვის [ვიდეო] #1TVSPORT
ბულგარეთმა საქართველო იოლად დაამარცხა - როცა დაცვაში მარტივ შეცდომებს უშვებ, მეტოქე გატანაზე უარს ვერ იტყვის [ვიდეო] #1TVSPORT

სექტემრის ბოლო სანაკრებო შეხვედრაში ვილი სანიოლმა ისევ ექსპერიმენტული შემადგენლობა და სათამაშო სქემა გამოსცადა. გუნდმა 3-4-3 სქემით ითამაშა, სადაც შეტევაში პირველად ვიხილეთ წიტაიშვილი-მიქაუტაძე-ჩაკვეტაძე, სადებიუტო მატჩები ჩაატარეს გიორგი მამარდაშვილმა, საბა ხვადაგიანმა, ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდა სანდრო ალთუნაშვილი, ხოლო ჯაბა კანკავას ნაკრებში 98-ე მატჩის ჩატარების საშუალება არ მიეცა.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან აქტიურად დაიწყო თამაში, მაგრამ მერე მოხდა ის რაც ხშირად გვინახავს – ბულგარელებმა სწრაფად გაიტანეს და ჩვენი გუნდი მოიშალა. მე-20 წუთზე ნედელევმა საჯარიმო იდეალურად შეასრულა და ანგარიში გახსნა. 34-ე წუთზე დიმიტარ ილიევის წაქცევისთვის ჩვენს კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად დაზარალებულმა კარგად შეასრულა.

საქართველოს ნაკრებიდან კარის აღების მცდელობა წიტაიშვილს და ჩაკვეტაძეს ჰქონდათ, მაგრამ სიზუსტე ორივეს დააკლდა. 43-ე წუთზე ჩაკვეტაძემ ჯარიმიდან ბურთი კარში გაუშვა, მაგრამ მეკარე მიხაილოვმა საიმედოდ ითამაშა. ბულგარელებმა მორიგი შეტევა წამოიწყეს და მესამე გოლიც გაიტანეს – დელევმა ბურთის ფეხი დაახვედრა და კურიოზული გოლის ავტორი გახდა.

ისიც აღსანიშნავია, რომ ბულგარეთის ნაკრებს ანგარიშის შესაფერისი უპირატესობა არ ჰქონია, მაგრამ ქართველები დაცვაში გასაოცარ შეცდომებს უშვებდნენ, მასპინძლები კი გატანაზე უარს ვერ იტყოდნენ. ასე მოხდა მეორე ტაიმშიც – 53-ე წუთზე ჩვენების მორიგი უხეში შეცდომა ხრისტოვის გოლით დასრულდა.

77-ე წუთზე პრესტიჟის გოლი ზურიკო დავითაშვილამ გაიტანა, რომელიც მოედანზე ქართველი ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ყველაზე მოტივირებული ჩანდა. მან ნაკრებში სადებიუტო გოლი შეაგდო და საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – ბულგარეთმა 4:1 ისე მოიგო, დიდი ენერგია არც დაუხარჯავს.

ასეთი არეული, არაორგანიზებული, დაბნეული და ბრძოლისუნარონობას მოკლებული ნაკრების ყურება ძალიან მძიმე იყო. მიზეზებიც დასაფიქრებელია – ვილი სანიოლს ამაში თავისი წილი აქვს, მაგრამ ფეხბურთელების ნაწილს კლასიც აშკარად აკლია და ის ჟინი, რომლის გარეშეც წარმატებული ნაკრები წარმოუდგენელია.


ბულგარეთი-საქართველო 4:1


ამხანაგური მატჩი

გოლი: 1:0 ნედელევი (20), 2:0 ილიევი (34. პ), 3:0 დელევი (44), 4:0 ხრისტოვი (53), 4:1 დავიტაშვილი (77)

08.09.2021. სოფია. „ვასილი ლევსკი სტადიონი“

ბულგარეთი: მიხაილოვი – ა. ხრისტოვი, პ. ხრისტოვი, ბოჟიკოვი, ველკოვსკიჩოჩევი (68. კარაგერენი) – ი. ილიევი (68. ვიტანოვი), ნედელევი (60. იანკოვი), ცონევი (74. კოსტადინოვი) – დ. ილიევი (74. კრასტევი), დელევი (60. კირილოვი)

სათადარიგოები: გეორგიევი, ნაუმოვი, ა. ილიევი

მწვრთნელი: იასენ პატროვი

საქართველო: მამარდაშვილი – ხოჭოლავა, ხვადაგიანი, ლოჩოშვილი – კაკაბაძე, დაუშვილი (59. მამუჩაშვილი), ალთუნაშვილი (59. აბურჯანია), გიორბელიძე – ჩაკვეტაძე (59. დავითაშვილი), მიქაუტაძე, წიტაიშვილი (70. ქვილითაია)

სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე, აზაროვი, ჩაბრაძე, ჯიღაური, კანკავა, კაშია, ზარია

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

არბიტრი: ი. სტოიჩევსკი (ჩრ. მაკედონია)

გაფრთხილებები: ცონევი (29). კაკაბაძე (34). ბოჟიკოვი (36). პეტროვი (54. ბულგარეთი, მწვრთნელი), ს. დელევი (57), დაუშვილი (58). ლოჩოშვილი (73)