„ვესტ ჰემის“ მფლობელმა დეკლან რაისის გუნდიდან წასვლა დაადასტურა #1TVSPORT
„ვესტ ჰემის“ მფლობელმა დეკლან რაისის გუნდიდან წასვლა დაადასტურა #1TVSPORT

ინგლისური „ვესტ ჰემის“ მფლობელმა, დევიდ სალივანმა დაადასტურა, რომ ზაფხულში გუნდს კაპიტანი დეკლან რაისი დატოვებს.

რაისმა „ვესტ ჰემთან“ ერთად ბოლო შეხვედრა „ფიორენტინას“ წინააღმდეგ, უეფა-ს კონფერენს ლიგის ფინალში ჩაატარა და 1965 წლის შემდეგ გუნდს პირველი ევროპული ტიტულის მოგებაში დაეხმარა (2:1).

როგორც დევიდ სალივანი ამბობს, მას რაისმა ფინალმდე უთხრა, რომ „ფიორენტინასთან“ მატჩი მისთვის უკანასკნელი იქნებოდა ლონდონური გუნდის მაისურით.

„უკვე რამდენიმე წელია, რაისის შეძენა არაერთ გრანდს სურს. ჩვენ მის შენარჩუნებას ვახერხებდით, თუმცა ამ ეტაპზე უძლურები ვართ, ფეხბურთელს წასვლა სურს. ამის შესახებ მან ფინალამდე მორიდებით მითხრა.

დეკლან რაისი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საკუთარ სახელს ოქროს ასოებით ჩაწერს. გული მწყდება, რომ ის ჩვენი ფეხბურთელი აღარ იქნება“, – განაცხადა სალივანმა.

ინგლისის ნაკრების 24 წლის ნახევარმცველი „ვესტ ჰემში“ 2014 წლიდან ირიცხება, პირველ გუნდში კი მისი დებიუტი 2017 წელს შედგა. ამ დროის მანძილზე რაისი გუნდის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ფეხბურთელის შეძენით ყველაზე აქტიურად მიუნხენის „ბაიერნი“ და „არსენალი“ არიან დაინტერესებულნი, მის სანაცვლოდ კი „ვესტ ჰემი“ 120 მილიონ ფუნტს ითხოვს.