„ვესტ ჰემი“ კონფერენციის ლიგის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
„ვესტ ჰემი“ კონფერენციის ლიგის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „ვესტ ჰემმა“ დაასრულა უტიტულო 43-წლიანი პერიოდი. ინგლისურმა კლუბმა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში კონფერენციის ლიგის ფინალში 2:1 დაამარცხა „ფიორენტინა“ და ევროსეზონის ერთ-ერთი ლაურეატი გახდა.

სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. საიდ ბენრაჰმამ 62-ე წუთზე პენალტით დააწინაურა „ვესტ ჰემი“, თუმცა ხუთ წუთში ჯაკომო ბონავენტურამ ანგარიში გაათანაბრა. როცა ფინალი დამატებით დროს უახლოვდებოდა, ბოლო წუთზე ლუკას პაკეტამ მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა ჯარედ ბოუენი და მან კონფერენციის ლიგის თასი მოუტანა „ვესტ ჰემს“, რომელმაც მთელი ტურნირი წაუგებლად ჩაატარა – 15 მატჩში 14 მოიგო და ერთხელ ითამაშა ფრედ.

ლონდონურმა კლუბმა არსებობის ისტორიაში მეორედ გაიმარჯვა ევროტურნირებზე. პირველი ტრიუმფი იყო 1965 წელს თასების მფლობელთა თასზე.