ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზურს? უეფა-ს კოეფიციენტების სეზონური რეიტინგი #1TVSPORT
ვინ მიიღებს ჩემპიონთა ლიგის მეხუთე საგზურს? უეფა-ს კოეფიციენტების სეზონური რეიტინგი #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის, ევროპის ლიგისა და კონფერენციის ლიგის პირველი მეოთხედფინალების შემდეგ განახლდა უეფა-ს კოეფიციენტების სეზონური რეიტინგი.

შეგახსენებთ, რომ ახალი რეგლამენტის თანახმად, სეზონური რეიტინგის ორი საუკეთესო ქვეყანა მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე დამატებით მეხუთე საგზურს მიიღებს.

ამ მომენტისთვის უეფა-ს სეზონური რეიტინგის ტოპხუთეული ასე გამოიყურება:

  1. იტალია – 18 428
  2. გერმანია – 16 785
  3. ინგლისი – 16 750
  4. ესპანეთი – 15 062
  5. საფრანგეთი – 14 750

თუ ხუთშაბათს „ფიორენტინა“ დაამარცხებს „პლზენს“, ხოლო „ატალანტა“ არ წააგებს „ლივერპულთან“, იტალიას გარანტირებულად ეყოლება 5 გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე.

ძირითადი ბრძოლა მიმდინარეობს გერმანიასა და ინგლისს შორის. გერმანია ჯერჯერობით ინარჩუნებს ევროტურნირებზე სამ მონაწილეს: „ბაიერნი“, „დორტმუნდი“ და „ლევერკუზენი“. ინგლისს ოთხი წარმომადგენელი დარჩა: „მანჩესტერ სიტი“, „არსენალი“, „ლივერპული“ და „ასტონ ვილა“.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგა ახალი ფორმატით გაიმართება. ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ჩვენ გველოდება 36 გუნდისგან შემდგარი ერთიანი ლიგა, რომელშიც ყოველი გუნდი ითამაშებს რვა მატჩს სხვადასხვა მეტოქესთან.