ყატარის “ალ-გარაფაში” მოთამაშე ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ჰოლანდიის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, – წერს ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის პრეს-სამსახური. ფეხბურთელმა ეროვნულ გუნდში გამოსვლა 33 წლის ასაკში შეწყვიტა.
სნეიდერმა ეს გადაწყვეტილება ნაკრების ახალ მწვრთნელთან რონალდ კუმანთან საუბრის შემდეგ მიიღო. ფეხბურთელის თქმით, კუმანს შემადგენლობის გაახალგაზრდავება სურს და მისთვის გასაგებია ამგვარი მიდგომა.
სნეიდერი, რომელსაც ჰოლანდიის ნაკრებში დებიუტი 2003 წელს ჰქონდა, რეკორდსმენია ეროვნულ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 133. ნახევარმცველის ანგარიშზე 31 გოლი მოდის.
მადრიდის “რეალისა” და მილანის “ინტერის” ყოფილ ფეხბურთელს ჰოლანდიის ნაკრებში მოპოვებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლი (2010) და ბრინჯაო (2014).