სნეიდერს „დენ ბოსჰის“ ჩაბარებას სთავაზობენ - მის მისვლას ჟორდანიას სარჩელი აბრკოლებს
სნეიდერს „დენ ბოსჰის“ ჩაბარებას სთავაზობენ - მის მისვლას ჟორდანიას სარჩელი აბრკოლებს

ნიდერლანდელი ბიზნესმენი ახლო წარსულში ცნობილ ფეხბურთელს, ვესლი სნეიდერს რანგით მეორე ლიგის აუტსაიდერის, „დენ ბოსჰში“ პარტნიორობას სთავაზობს, მათ თანამშრომლობას კი ირიბად, ქართველი ბიზნესმენი აფერხებს, – ინფორმაციას ნიდერლანდური გამოცემა voetbalprimeur ავრცელებს.

ვესლი სნეიდერს „დენ ბოსჰის“ ტექნიკურ დირექტორობას რომ სთავაზობენ, ამის შესახებ იოჰან დერქსენმა განაცხადა, რომელიც ყოფილი ფეხბურთელი და ნიდერლანდებში ავტორიტეტული სპორტული ჟურნალისტია. 2000-2013 წლებში ნიდერლანდების ყველაზე ცნობილი საფეხბურთო ჟურნალის Voetbal International-ის მთავარი რედაქტორი იყო, შემდეგში კი გამოცემის შექმნილი სატელევიზიო შოუს საფეხბურთო ექსპერტი გახდა. ახლაც იმავე როლს Veronica TV-ის სატელევიზიო შოუში ასრულებს.

ორშაბათს გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მეწარმე ებერტ დოლევო სნეიდერთან ერთად „დენ ბოსჰის“ წილის შეძენას აპირებს.

„ამ ჯენტლმენს ჩვენს მეგობარ ვესლი სნეიდერთან ძალიან სერიოზული საუბრები ჰქონდა. უთხრა, ჩემი გუნდის ტექნიკური დირექტორი იქნები და ზეწოლის გარეშე სამიდან ხუთ წლამდე იმუშავებ, გექნება დრო, კლუბი გონივრულად რომ ააშენოთ და არა – გიჟური ხარჯებით. ჩვენ ხუთ წელში ერედივიზიის (ნიდერლანდების მთავარი ლიგა) კლუბი ვიქნებით. ვესლი დაინტერესებულია ამ პროექტით, რადგან მას ძალიან სერიოზულად აღიქვამს.

მაგრამ მათ თანამშრომლობას კახი ჟორდანიას სარჩელი აბრკოლებს. „ვიტესის“ ყოფილი მფლობელის, მერაბ ჟორდანიას შვილს 2019 წელს „დენ ბოსჰისმეპატრონეობის უფლება ფულადი ნაკადების დაუდასტურებელი წყაროების გამო არ მისცეს. ახლა ის გუნდში დახარჯული ინვესტიციის დაბრუნებას ითხოვს, დაახლოებით 1,7 მილიონ ევროს. შესაძლოა, ეს „დენ ბოსჰის“ დასასრულს ნიშნავდეს“, – განაცხადა დერქსენმა სატელევიზიო შოუში.

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა კარიერის საუკეთესო წლები გაატარა იტალიურ „ინტერში“, რომელთან ერთადაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა. იყო ამსტერდამის „აიაქსისა“ და მადრიდის „რეალის“ შემტევი ნახევარმცველი. უთამაშია მსოფლიოს 2006, 2010 და 2014 წლების, ასევე ევროპის 2004, 2008 და 2012 წლების ჩემპიონატებზე.

ებერტ დოლევოს რაც შეეხება, ის ნიდერლანდელი მრბოლელია, რომელიც მონაწილეობდა როგორც ველოსიპედების, ასევე საავტომობილო კატეგორიებში. არის „პარიზი-დაკარის“ გარბენის მონაწილე, ამჟამად კი ბიზნესმენია.