ვატო არველაძე „კორონას“ ტოვებს
ვატო არველაძე „კორონას“ ტოვებს
„ზოგიერთი მოთამაშის დრო ამოიწურა – ცვლილებები იქნება“ – ამ სათაურით პოლონურმა გამოცემა „კელცე ვიბორჩამ“ წერილი გამოაქვეყნა.
 
წერილში მითითებულია, რომ პოლონეთის მთავარი საფეხბურთო ლიგის გუნდი, კიელცეს „კორონა“ ქართველ თავდამსხმელს, ვატო არველაძეს შეელევა.
„შვიდმა მოთამაშემ, მათ შორის ვატო არველაძემ, შესაძლოა, ზამთარში გუნდი დატოვოს“ – წერს „კელცე ვიბორჩა“.
„ჩვენი თავდამსხმელების გამო მოთმინება დავკარგეთ. რამდენი ვიცხოვროთ იმედით? იმედი ბოლოს კვდება, მაგრამ არ გვინდა, რომ ამან პირველ ლიგაში დაგვაქვეითოს. ჩვენ გადავდგამთ რამდენიმე ნაბიჯს ამ მიმართულებით, რადგან ეს აუცილებელია” – აღიარებს „კორონას“ პრეზიდენტი კშიშტოფ ზაიცი.
მიმდინარე სეზონში კიელცეს გუნდმა მხოლოდ 12 გოლი გაიტანა – ყველაზე ცოტა პოლონურ ექსტრაკლასაში. იმედებს ვერც ერთი ფორვარდი (უროსი დურანოვიჩი, მიქელ პაპადოპულოსი, მიქელ ჟირო) ვერ ამართლებენ. ამათ ფონზე, ვატო არველაძე აშკარად გაიწირა, რადგან ტრავმის გამო სეზონი ჩაუვარდა.