ვასილი უტკინი - ძვირფასო ქართველებო, თქვენი გუნდი კვლავ მწიფდება და მალე მოხვდება დიდ ტურნირზე
ვასილი უტკინი საქართველოს ნაკრების ევრო 2020-ზე ვერმოხვედრას თავის ტელეგრამ-არხზე გამოეხმაურა – ცნობილი ბლოგერი და ტელეწამყვანი, რომელიც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია, აცხადებს, რომ ბოლოდროინდელ წარუმატებლობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები დიდ საერთაშორისო ტურნირზე მოსახვედრად „მწიფდება“.
„ერთხელ ინგლისი-საქართველოს შესარჩევი ეტაპის მატჩზე ვიყავი. ეს „ნტვ+“-ის გარიჟრაჟზე ხდებოდა. გუნდს მაშინ დავით ყიფიანი წვრთნიდა, ლიდერი კი გიორგი ქინქლაძე გახლდათ. ის მშვენიერი მატჩი იყო, რომელშიც მამაცი ქართველები ფრის შანსს თითქმის ბოლომდე ინარჩუნებდნენ. ყველაფერი გააფუჭა „თავისუფალმა“ დარტყმამ, რომელიც ალან შირერმა გოლად აქცია და მეკარეს შანსი არ დაუტოვა. მახსოვს ყიფიანის ღიმილი ამ თამაშის შემდეგ. შანსი იყო, მაგრამ ეს შანსი უფრო მეტად გვეჩვენებოდაო. მას შემდეგ საქართველოს გუნდის წარმატების იმედი მაქვს და მჯერა მისი. ძვირფასო ქართველებო, თქვენი გუნდი კვლავ მწიფდება. წარმატება მოვა. არ დაგავიწყდეთ ყიფიანის ღიმილი. საქართველო მალე მოხვდება დიდ ტურნირზე”, – წერს უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.
შეგახსენებთ, რომ უტკინმა მოსკოვში დააფუძნა სამოყვარულო გუნდი „ეგრისი“ და ქართველებისადმი სიყვარულს ხშირად გამოხატავს. მან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ „ბარსელონაზე“ თქვა – ეს გუნდი 1981 წლის თბილისის „დინამოსავით“ თამაშობსო.