ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დაპატიმრებულთა მხარდამჭერი მიტინგისთვის ემზადებიან
ვაშინგტონში კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის დაპატიმრებულთა მხარდამჭერი მიტინგისთვის ემზადებიან.
როგორც „ბიბისი“ იუწყება, პოლიციამ უკვე მიიღო ინფორმაცია „მოსალოდნელი ძალადობის საფრთხის შესახებ“.
აშშ-ის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. როგორც ცნობილია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი წევრი მეთ ბრაინარდია. ის აცხადებს, რომ დემონსტრაცია მშვიდობიანი იქნება. ბრაინარდი ასევე ამბობს, რომ აქციის მონაწილეები 6 იანვრის მოვლენების გამო დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონში დაგეგმილი აქცია „სამზადისი“ იქნება.
როგორც კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა, ტომ მანგერმა განაცხადა, სამართალდამცავები შიშობენ, რომ აქციის მონაწილეებსა და მათ მოწინააღმდგეებს შორის შესაძლოა, დაპირისპირება მოხდეს.
ვაშინგტონის პოლიციაში აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციის დროს ქალაქში სამართალდამცველების რაოდენობა გაზრდილი იქნება. ასევე, გამოიყოფა სპეციალური ზონა, სადაც იარაღის ტარება აკრძალული იქნება.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განკარგულებით, ქალაქში გაგზავნეს 100 გვარდიელი, რომლებიც პოლიციელებთან ერთად დაიცავენ წესრიგს აქციის დროს. კაპიტოლიუმის შენობას კვლავ ღობე შემოავლეს, ხოლო კანონმდებლებს ურჩევენ კონგრესში მისვლისგან თავი შეიკავონ.
6 იანვარს ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შტურმით შეიჭრნენ. ისინი 2020 წლის არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. არეულობას მოჰყვა მსხვერპლიც. მოგვიანებით, პოლიციამ შტურმში მონაწილე პირების დიდი ნაწილი, 535 ადამიანი სხვადასხვა ბრალდებით დააკავა.