აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
გამოცემის ცნობით, ყირგიზეთის წინააღმდეგ შეზღუდვები დაწესდება, რადგან ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ეს ქვეყანა რუსეთს აწვდის პროდუქციას, რომლებიც „შავ სიაშია“ შეტანილი, მათ შორის ელექტროტექნიკას, უპილოტო საფრენ აპარატებს, ოპტიკურ სამიზნეებსა და ბომბების საწარმოებლად საჭირო ნაწილებს.
როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ იუწყება, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების ყირგიზეთის დედაქალაქში ვიზიტებმა სასურველი შედეგი ვერ გამოიღო და ამის გამო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს ახალ ეკონომიკურ ზომებს, რათა ზემოქმედება განახორციელოს ყირგიზეთის მთავრობაზე, რომ ამ უკანასკნელმა რუსეთთან ვაჭრობა შეწყვიტოს.
„ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მიმდინარე კვირაში იგეგმება.