ვარშავაში აცხადებენ, რომ საბუთების არმქონე მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს
ვარშავაში აცხადებენ, რომ საბუთების არმქონე მიგრანტებმა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა შტურმით სცადეს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, დაურეგისტრირებელმა მიგრანტებმა ბელარუსის მხრიდან ორჯერ სცადეს საზღვრის გადმოკვეთა ძალისმიერი შტურმის გამოყენებით. სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას 90 და 130 ადამიანისგან შემდგარი ორი ჯგუფი ცდილობდა.
სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლის, ანა მიხალსკას განცხადებით, შტურმის აღკვეთა მესაზღვრეებისა და პოლონეთის არმიის დროული ჩარევის შედეგად მოხერხდა. მიხალსკას ცნობით, გასულ შაბათ-კვირას საზღვრის უკანონო გადმოკვეთის მცდელობის 2 000-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა.
პოლონეთი არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.
8 ოქტომბერს, ევროკავშირის 12 წევრი ქვეყნის, მათ შორის პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ევროკომისიას სასაზღვრო ღობეების მშენებლობისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა სთხოვა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების ნაკადის გასაკონტროლებლად.