ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა [ვიდეო]

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა, ფინალამდე ხუთი ბრძოლა მოიგო. ნახევარფინალში ის მონღოლ ოტგონბაატარ ლხარგვასურენს დაუპირისპირდა და მეტოქე ვაზაარით დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში ლიპარტელიანს კორეელი გუამ ჩო შეხვდა, რომელიც მეოთხე მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობდა და ამ ტურნირამდე მედალი არ აუღია. ჩოს კარიერის მანძილზე ორი გრანდ სლემი ჰქონდა მოგებული, აგრეთვე, აზიის ჩემპიონატზე მოიგო ვერცხლის (2018) და ორი ბრინჯაოს (2013, 2014) მედალი.

ფინალური დაპირისპირების პირველი ორი წუთი ორივე მებრძოლმა თითო ილეთის გაკეთება წარუმატებლად სცადა. ბრძოლის დასრულებამდე 30 წამით ადრე ლიპარტელიანმა კიდევ ერთხელ სცადა ილეთის გაკეთება, მაგრამ ჩომ თავი კარგად დაიცვა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა. „ოქროს ქულის“ დაწყებიდან სამი წუთი იყო გასული, როდესაც ჩომ კარგი ილეთი შეასრულა, მაგრამ ქართველმა ფალავანმა ჰაერში მობრუნება მოასწრო და მეტოქეს ქულა არ ააღებინა.

დამატებითი დროის დაწყებიდან ხუთ წუთზე მეტი იყო გასული, როდესაც კორეელმა ილეთი შეასრულა და ოქროს მედალი მოიპოვა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი წელსაც ვერცხლის მედალს დასჯერდა.