ვარლამ ლიპარტელიანი -100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში, მსოფლიო რეიტინგის სათავეში მოექცა. ძიუდოს საერთაშირისო ფედერაციამ, განახლებული რეიტინგი დიუსელდორფის დიდი მუზარადის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, საკუთარ მონაგარს 1000 სარეიტინგო ქულა, სწორედ გერმანიაში გაჩემპიონების შედეგად დაუმატა. ამჟამად ლიპარტელიანს 5800 ქულა აქვს და წონის მეორეადგილოსან ჰოლანდილ – მაიკლ კორელს 39 ქულით უსწრებს. მესამე ადგილზე 4209 ქულით, უნგრელი – მიკლოშ კირჟენიცია. აღსანიშნავია რომ ტიტულოვანმა ქართველმა ძიუდოისტმა ამ წონით კატეგორიაში ქულების დაგროვება წელიწადნახევრის წინ დაიწყო. 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე იგი -90 კილოგრამში ასპარეზობდა და ხშირ შემთხვევაში იქაც პირველი ნომერი იყო.
ლიპარტელიანს 5800 ქულა, მამაკაცთა შორის არსებულ შვიდივე წონაში მეორე საუკეთესო შედეგია. მასზე მეტი (6650) ქულა, მხოლოდ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იაპონელს – სოიჩი ჰაშიმოტოს აქვს, თუმცა ჰაშიმოტო იაპონიის ძიუდოს ფედერაციამ დისციპლინარული დარღვევისთვის დასაჯა და ნაკრებიდან 6 თვით მოკვეთა. ეს კი უახლოეს მომავალში მის სარეიტინგო ქულებზე გავლენას აუცილებლად იქონიებს.
ლიპარტელიანის გარდა, განახლებული რეიტინგის ათეულში კიდევ ხუთი ქართველი ძიუდოისტია. -60 კილოგრამში ერთი პოზიციით დაწინაურდა და მეხუთე ადგილზე გადავიდა ამირან პაპინაშვილი. -66-ში მესამე ადგილი შეინარჩუნა ვაჟა მარგველაშვილმა, ერთი პოზიციით დაქვეითდა და მეხუთეზე ჩამოინაცვლა – ლაშა შავდათუაშვილმა (-73). წონის ლიდერის პოზიცია დათმო -90 კილოგრამში ბექა ღვინიაშვილმა, მას 41 ქულით სერბმა ალექსანდრ კუკოლჯმა გადაუსწრო. პოზიციები არ შეცვლილა მძიმეწონოსანთა ზედა შვიდეულში და შესაბამისად გურამ თუშიშვილი ისევ მეორე ადგილზეა.