ვარლამ ლიპარტელიანი - მინისტრმა ვითარებაში გასარკვევად რამდენიმე დღე ითხოვა
დღეს, 16:00 საათზე ქართველი ძიუდოისტები კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს შეხვდნენ.
საქართველოს ნაკრების წევრებმა მინისტრს თავიანთი პოზიცია გააცნეს და საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ვარლამ ლიპარტელიანმა ვრცელი კომენტარი გააკეთა –
„მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა კულტურისა და სპორტის მინისტრს, რომელმაც ჩვენს მიმართ ყურადღება გამოიჩინა. შეხვედრაზე გავიარეთ ყველა დეტალი და სამინისტროს წარმომადგენლებს ქართულ ძიუდოში არსებული ვითარება გავაცანით. მინდა აღვნიშნო, რომ ისინი შოკირებული დარჩნენ მიღებული ინფორმაციით. მინისტრმა რამდენიმე დღე ითხოვა ვითარებაში გასარკვევად, რაც ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ ერთი ნაბიჯითაც არ დავიხევთ უკან და დაწყებულ საქმეს გამარჯვებამდე მივიყვანთ. სულ უფრო მეტი ადამიანი გვიერთდება და საპროტესტო განწყობაც იზრდება. როგორი იქნება ჩვენი მომდევნო ნაბიჯი? – დავჯდებით, გავივლით არსებულ ვითარებას და სამომავლო გეგმებსაც დავსახავთ.“