ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, პატიმრობა შეეფარდა
ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, პატიმრობა შეეფარდა

ვარკეთილში დაკავებულ პირს, ალექსანდრე ივანოვს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს მიმალვის საფრთხე. ამასთან მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, რომ საჭიროა, შესაბამისი ექსპერტიზის დანიშვნა, რომლითაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა მოხდება.

„სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და გამოყენებული იყოს პატიმრობა. ბრალდებული მოათავსონ სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში. სასამართლომ დაადგინა, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. სასამართლო იძულებულია, გამოიყენოს ყველაზე მკაცრი სასჯელის ფორმა. ეს დროებითი ღონისიძიებაა. გაგრძელდება გამოძიება ამ პერიოდში და აუცილებელიცაა, ექსპერტიზების დანიშვნა. შესაძლებელია, მკურნალობა დაგჭირდეთ ამ ფონზე. მშვიდად იყავით, ცხოვრება არ სრულდება, 45 წლის ახალგაზრდა კაცი ხართ. მშვიდად მიყევით ამ ცხოვრებას, მე თქვენ ჯანმრთელობას გისურვებთ“, – განაცხადა მოსამართლე რომან ხორავამ.

„ძალიან მრცხვენია. დედა რეციდივისტზე გათხოვდა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ჩემს აღზრდაში, მე ხან დალურჯებული ვიყავი, სულ შიშში გავატარე ბავშვობა, ამ სტრესიდან გამომდინარე ფსიქიკური აშლილობა მქონდა. სულიერი მდგომარეობა არ მქონდა კარგად, ამას ვაღიარებ. ვიცოდი, რომ ჩემთვის დალევა არ შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ფსიქიური ზეწოლის ქვეშ გავატარე. ვაღიარებ, რომ ჩემი სულიერი მდგომარეობის გამო მოხდა ყველაფერი. დამამშვიდებელ და დამაწყნარებლებს ვსვამდი“, – განაცხადა ბრალდებულმა ალექსანდრე ივანოვმა.

შემდეგი სხდომა 28 ივლისს ჩაინიშნა.

ვარკეთილის მესამე მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად 5 ივნისს მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ  ისროდა.

ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ალექსანდრე ივანოვს პროკურატურამ ბრალი დაუმძიმა. პოლიციელებზე თავდასხმის გარდა მას ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. გარდა ამისა, მას ბრალად ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი – ოჯახის წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. ეს ქმედება ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, მას ბრალად ედება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელებზე თავდასხმას.