ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, ბრალი დაუმძიმდა
ვარკეთილში დაკავებულ პირს, რომელიც საცხოვრებელ კორპუსში ჩაიკეტა და უმისამართოდ ისროდა, ბრალი დაუმძიმდა

ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ალექსანდრე ივანოვს ბრალი დაუმძიმდა. პოლიციელებზე თავდასხმის გარდა მას ბრალად ედება ხულიგნობა ჩადენილი ძალადობის მუქარით და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით. აღნიშნული ისჯება ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გარდა ამისა, მას ბრალად ეხება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი – ოჯახის წევრის სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება. ეს ქმედება ისჯება ექვსი თვიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. ასევე, მას ბრალად ედება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს პოლიციელებზე თავდასხმას.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ალექსანდრე ივანოვის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სხდომა მიმდინარეობს. პროცესი დისტანციურად იმართება.

პროკურატურა დღევანდელ პროცესზე ალექსანდრე ივანოვისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს. პროკურორ ნუგზარ ჭიტაძის თქმით, ივანოვი არ დაემორჩილა პოლიციელებს, იყო აგრესიული და ნასვამ მდგომარეობაში. გარდა ამისა, პროკურორმა განმარტა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ ბრალდებული სისტემატურად ფსიქოლოგიურად ძალადობა ოჯახის წევრებზე.

ვარკეთილის მესამე მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სამართალდამცველთა ოპერაციის შედეგად 5 ივნისს მამაკაცი დააკავეს, რომელიც საკუთარ ბინაში იყო ჩაკეტილი და უმისამართოდ  ისროდა.