„ვარკეთილის" მეტროში დაშავებულები სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან
„ვარკეთილის" მეტროში დაშავებულები სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან

„ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულები სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და სხვადასხვა სახის სამედიცინო ჩარევები. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 14 დაშავებული მკურნალობას თბილისის სხვადასხვა კლინიკაში გადის.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულები შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მოინახულა. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა 14 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მათი მკურნალი მედიკოსებისგან პირადად მიიღო.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა მოსაცდელში დაკიდული ჭერის კონსტრუქცია ჩამოიშალა და 14 ადამიანი დაშავდა. ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი დღეს დილით ჩამოიშალა.

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაცია ოთხი თვის წინ, 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. სამშენებლო სამუშაო ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.