ვაქცინების მწარმოებლები აცხადებენ, რომ უკვე მუშაობენ ახალი შტამის - „ომიკრონის“ საწინააღმდეგოდ
დიდმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ერთდროულად გამოაცხადეს იმ შესაბამისი ვაქცინის შემუშავების დაწყების თაობაზე, რომელიც კორონავირუსის ახალი შტამით – „ომიკრონით“ გამოწვეულ გართულებებს აარიდებს ინფიცირებულ ადამიანს. აღნიშნულის შესახებ ამერიკული „სიენბისი“ იუწყება.
„ფაიზერ/ბიონტექი“ მზად არის, მოახდინოს საკუთარი ვაქცინის ადაპტირება კორონავირუსის ახალაღმოჩენილ შტამზე. კომპანიაში ელოდებიან დიდი რაოდენობით ლაბორატორიული ტესტების მონაცემებს არაუგვიანეს ორი კვირის ვადაში, რათა დადასტურდეს, რომ ეს შტამი საჭიროებს კორექტირებას ვაქცინის წარმოების ტექნოლოგიაში.
„ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ტესტირება აგრეთვე დააფიქსირა „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“, ხოლო „ასტრაზენეკა“ უკვე აწარმოებს შესაბამის კვლევებს ამ შტამის თავდაპირველი გამოვლენის ადგილებში.
„მოდერნამ“ პარასკევს განაცხადა, რომ მუტაციების კომბინაციას ახალ შტამში „მნიშვნელოვანი პოტენციური რისკი აქვს ბუნებრივი და ვაქცინით გამოწვეული იმუნიტეტის შესუსტების დასაჩქარებლად“. ამ კომპანიამ განმარტა, რომ ერთადერთი გზა „ომიკრონის“ რისკებისგან თავდასაცავად არის ინექციის მესამე, გამაძლიერებელი დოზა. „მოდერნას“ კვლევაში კვლავ მიიღებენ მონაწილეობას მოხალისეები, რომლებიც ვაქცინის მესამე დოზას გაიკეთებენ.