ვახტანგ მეგრელიშვილი - პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებდა იგივე ხალხი, რომელსაც ნებისმიერ აქციაზე ვხედავ, ყველაფერი მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა
ვახტანგ მეგრელიშვილი - პოზნერის ჩამოსვლას აპროტესტებდა იგივე ხალხი, რომელსაც ნებისმიერ აქციაზე ვხედავ, ყველაფერი მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა

პროტესტი იყო არა მოქალაქეების, არამედ იმავე ხალხის, რომელსაც ნებისმიერ აქციაზე ვხედავ ხოლმე. ძალიან სამარცხვინო იყო კვერცხების სროლა, სახლში რომ მივუვარდით, შევუვარდით, ვგულისხმობ, იმ კომპანიების მესაკუთრეებსაც, ვის სასტუმროებშიც და ბიზნესებშიც ხდებოდა ეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი თანმხლები პირების საქართველოში ყოფნის დროს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოვლენები უფრო იმას მიანიშნებდა, რომ გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა სურდათ.

„დაუჯერებელი მგონია, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს მოეწონოთ. არ მჯერა ამის. პოზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ჩვენ შესაძლოა, გაგვეპროტესტებინა რეგულაციებთან მიმართებით ხელისუფლების ორმაგი სტანდარტი, ეს სხვა თემა იქნებოდა. მაგრამ ორი ისეთი თემის არევა, როგორიცაა ოკუპაცია, სტუმარი, ასეთი ქცევა ძალიან ბევრკომპონენტიანი ამბავია და ეს ყველაფერი უფრო იმას მანიშნებდა, რომ რაღაცნაირად, გავრილოვის მსგავსი ინციდენტის მოწყობა გვინდოდა. როგორ შეიძლება, 87 წლის კაცის გაგდება საამაყო იყოს“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.