ვახტანგ მეგრელიშვილი - გუშინდელი პრობლემა არა იმდენად პოზნერის, არამედ ჩვენი პოლიტიკური პრობლემის გამოძახილია
ვახტანგ მეგრელიშვილი - გუშინდელი პრობლემა არა იმდენად პოზნერის, არამედ ჩვენი პოლიტიკური პრობლემის გამოძახილია

გუშინდელი პრობლემა არა იმდენად პოზნერის, არამედ ჩვენი პოლიტიკური პრობლემის გამოძახილია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ განაცხადა.

„ხელისუფლება და ოპოზიცია საკუთარ დაპირისპირებაში ერთმანეთს აცხადებს რუსეთის წარმომადგენლად და ყველა საშუალებას ეძებს, რომ თავის მოწინააღმდეგეს მიაკეროს მსგავსი იარლიყი. ამ ყველაფერში ხდება გამოყენება ისეთი პრობლემების, რომლებიც ჩვენ რეალურად გვაქვს, როგორც ოკუპაციის თვალსაზრისით, ასევე კორონარეგულაციით. ეს არის პოლიტიკური მიზნით გამოყენებული შემთხვევა. უნდოდა, რომ გავრილოვის შეფერილობა მიეცათ. ეს ჩანდა ტელევიზორში, საზიზღარი ქცევა იყო იმ ადამიანების, რომლებიც მიუვარდნენ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც იყო მასპინძელი. ჩვენი ხელისუფლება ვერ იცავს საკუთარი მოქალაქეების საკუთრების უფლებას და ღირსებას, ვერ იცავს ვიღაც გიჟებისგან“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. როგორც პოზნერმა „რია ნოვოსტისთან“ საუბარში განაცხადა, უკან დაბრუნებას 3 აპრილს გეგმავდა, თუმცა ქვეყანა, განვითარებული მოვლენების გამო, ვადაზე ადრე დატოვა.

აქტივისტებმა და ოპოზიციის ლიდერებმა თავდაპირველად აქცია სასტუმრო „ვინოტელთან“ გამართეს, სადაც ჟურნალისტი თანმხლებ პირებთან ერთად ვახშამზე იმყოფებოდა.​ ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს. სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.

ვინოტელი“ სტუმრებმა პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს. აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“ სადაც ჟურნალისტი სტუმრებთან ერთად იყო დაბინავებული. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.

აქტივისტებმა ჟურნალისტის სტუმრები „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა საქართველო დატოვეს.