ვახტანგ ბუცხრიკიძე - პრემიერთან ერთად განვიხილეთ, რა ინიციატივების წარდგენა შეუძლია საბანკო სექტორს გამოწვევების დასაძლევად
ვახტანგ ბუცხრიკიძე - პრემიერთან ერთად განვიხილეთ, რა ინიციატივების წარდგენა შეუძლია საბანკო სექტორს გამოწვევების დასაძლევად

დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებს, რაც არსებობს ქართულ ეკონომიკაში. შეხვედრაზე მთლიანად ქართული საბანკო სექტორი ვიყავით წარმოდგენილი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საბანკო სექტორთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას ეკონომიკური ბლოკის მინისტრები და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.

ვახტანგ ბუცხრიკიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ რა ინიციატივები შეუძლია წარმოადგინოს საბანკო სექტორმა არსებული გამოწვევების დასაძლევად.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში, ამ კვირის ბოლოს კიდევ იქნება ერთი შეხვედრა, სადაც ამ გამოწვევების კიდევ უფრო მეტ დეტალზე ვისაუბრებთ; არა მხოლოდ ვისაუბრებთ, არამედ უკვე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს შევთავაზებთ – მოკლევადიანი გამოწვევები რაც არსებობს ეკონომიკაში. განსაკუთრებით, ეს ტურიზმს შეეხება. საბანკო სექტორს რა ინიციატივების წამოწევა შეუძლია იმისათვის, რომ ეს მოკლევადიანი პრობლემები დაიძლიოს“, – აღნიშნა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი და კომერციული ბანკები კორონავირუსის გავრცელებით ტურიზმის სექტორზე გამოწვეული ნეგატიური გავლენების შემცირებისთვის კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამენ.