მარიამ ქვრივიშვილი – საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით ძალების გაერთიანებაზე, რათა ქვეყნებს შორის ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზები მეტად განვითარდეს

21:09, 10.11.2026

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვან რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც ჩვენი ქვეყანაა, – აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ოთხმხრივი თანამშრომლობა ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის რეგიონის ენერგეტიკულ სექტორს და გაზრდის საექსპორტო პოტენციალს.

„საქართველო, აზერბაიჯანი, თურქეთი და ბულგარეთი შევთანხმდით, რომ მოხდება ძალების გაერთიანება იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის არსებული ელექტროგადამცემი სახმელეთო ხაზების კიდევ უფრო მეტად განვითარება მოხდეს, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყნებში გენერირებული ელექტროენერგიის შემდგომში კიდევ უფრო მეტი წარმატებითა და მეტი გამტარუნარიანობით ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ამბობს, საქართველოსთვის ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობს მეზობელ ქვეყნებთან და ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას და ამ ხედვის განუყოფელი ნაწილია, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოში ოპერირებად ბიზნესებს მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის შემდგომი ექსპორტისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ანტალიაში ხელმოწერილი „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების“ მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მსგავსი