საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

18:46, 10.11.2026

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ,მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა, ფარვიზ შაჰბაზოვმა, ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ივა პეტროვამ და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ალფარსლან ბაირაქთარმა ხელი მოაწერეს „საქართველოს, აზერბაიჯანის, ბულგარეთისა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“.

შეთანხმების მიზანი აღნიშნულ ქვეყნებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ენერგეტიკული დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების გაძლიერება, სუფთა ენერგიის წყაროებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის გადაცემისა და მიწოდების ხელშეწყობა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

შეთანხმების თანახმად, მხარეები განსაზღვრავენ გადამცემი სისტემის ოპერატორებს, რომლებიც მწვანე დერეფნის პროექტების შემუშავებისა და განხორციელების მიზნით შექმნილი ერთობლივი საწარმოს აქციონერები გახდებიან. ასევე ითანამშრომლებენ სუფთა ენერგიის წარმოების, გადაცემისა და ვაჭრობის, არსებული ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ელექტროგადამცემი ხაზების განვითარების მიზნით.

პროექტის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დერეფნის არანაკლებ 2-3 ათასი მეგავატის გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს, განახორციელოს ელექტროენერგიის მიწოდების მარშრუტებისა და საექსპორტო მიმართულებების დივერსიფიკაცია, საქართველოში წარმოებული მწვანე ელექტროენერგია კი ევროპის ენერგეტიკულ ბაზრებზე გაიყიდოს.

ხელმოწერის ცერემონია თურქეთის რესპუბლიკის ქალაქ ანტალიაში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი