მარიამ ქვრივიშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის გენერალურ მდივანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გაერო-ს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანთან, ტატიანა მოლჩანთან და საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან, იანგ ტაე კიმთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.
შეხვედრები გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში გაიმართა.
UNECE-ს აღმასრულებელ მდივანთან, ტატიანა მოლჩანთან შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს მონაწილეობა UNECE-ს პროექტებსა და ინიციატივებში, მათ შორის, ტრანსპორტის, ენერგოეფექტურობის, მწვანე ეკონომიკის და სხვა მიმართულებით.
ქართულმა მხარემ გაერო-ს ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელების შემდეგაც საქართველო შეძლებს, გაზარდოს თავისი ფუნქცია რეგიონული დაკავშირებადობის კუთხით და ხელი შეუწყოს შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდას. ასეთ პროექტებს შორის დასახელდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის, რკინიგზის მოდერნიზაციის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის, თბილისის ახალი აეროპორტის პროექტები.
საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) გენერალურ მდივანთან, იანგ ტაე კიმთან შეხვედრაზე კი აქცენტი სატრანსპორტო სისტემის გაციფრულების მნიშვნელობაზე გაკეთდა. ხაზი გაესვა, რომ საქართველო აღნიშნულ პროცესს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან ნაბიჯს საერთაშორისო სატრანსპორტო პროცედურების მოდერნიზაციისა და გამარტივების მიმართულებით. აღინიშნა, რომ ქვეყანა ასევე მტკიცედ უჭერს მხარს ორმხრივი საავტომობილო ტრანსპორტის ნებართვების გაციფრულებას.
შეხვედრებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე დაესწრო.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.