ვაჟა მარგველაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი თბილისის გრანდ სლემის მეოთხედფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
თბილისში დღეს სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. მედლების მოსაპოვებლად 14 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, რომელთაგან ასპარეზობას 10 სპორტსმენი ისევ აგრძელებს. გამოცდილი ქართველი ძიუდოისტები ლუხუმ ჩხვიმიანი და ვაჟა მარგველაშვილი მეოთხედფინალში იასპარეზებენ. დანარჩენი რვა ქართველი წინასწარი ეტაპის შეხვედრებს მართავენ.
ჯერჯერობით, ტურნირზე ყველაზე საინტერესო ორთაბრძოლა ეთერ ლიპარტელიანსა და უკრაინელ დარია ბილოდიდს შორის გაიმართა. ქართველმა მეტოქე დამატებითი დროის მეათე წუთზე გაფრთხილებებით დაამარცხა და მეოთხედფინალში იჭიდავებს. აღსანიშნავია, რომ ბილოდიდი 52 კგ წონითი კატეგორიიდან 57კგ-ში ახალი გადასულია. დღეს მედლები კაცთა 60, 66 და ქალთა 48, 52, 57 კგ-მდე წონით კატეგორიებში გათამაშდება, 4 ივნისს – კაცთა 73, 81 და ქალთა 63, 70 კგ-ებში, ხოლო 5 ივნისს – კაცთა 90, 100, +100 და ქალთა 78 და +78 კგ-ებში.
ფინალური ბლოკი სამივე დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. წინასწარი შეხვედრები კი დღეს – 11:00, 4 ივნისი – 11:30, 5 ივნისი – 12:00 გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 2021 წელს თბილისის გრანდ სლემმა მაყურებლების გარეშე ჩაიარა, საქართველოს ნაკრებმა კი 9 მედლით გუნდური პირველობაც მოიგო. ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი – ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე – 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.).