UWW-მ პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა
UWW-მ პატარიძე 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დაასახელა

ქუთაისელი მძიმეწონოსანი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ზვიად პატარიძე მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ 23-წლამდელთა შორის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ახალგაზრდად ცნო.

მოგეხსენებათ, პატარიძე ამ ასაკში წლეულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი მეექვსე ტიტულია. ქართველი ფალავანი ორჯერ ჭაბუკებში გახდა პლანეტის უძლიერესი და სამჯერ – 20-წლამდელებში. მსოფლიოს ფედერაციამაც ის ამ წარმატებებისთვის გამოარჩია.

ამავე ასაკის გოგოებში ანალოგიური აღიარება იაპონელ იუკაკო კავაის (62) ერგო, ვინც ასევე მსოფლიოს ჩემპიონი 23-წლიანებში გახდა, ხოლო უფროსებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა. ის უფროსებში მსოფლიოს სამგზის და ოლიმპიურ ჩემპიონ რისაკო კავაის უმცროსი დაა.

20-წლამდელებში საუკეთესოებად რუსები გამოარჩიეს – ასევე ბერძნულ-რომაულად მოჭიდავე ალექსანდრ კომაროვი (82) და ხანუმ ვალიევა (68). ვალიევა წლეულს ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 20-წლამდელებში, ხოლო 23-იანებში მსოფლიოზე მესამე იყო. კომაროვმა 20-წლიანებში ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და მსოფლიოსიც, ხოლო უფროსებში ფინეთში „ჰარაპანდას თასზე“ გაიმარჯვა.

ჭაბუკებში საუკეთესოებად აზერბაიჯანელი ამირჰასან ამირლი (48) და იაპონელი იუკა კაგამი (73) გამოარჩიეს. ამირლი ნომინანტთა შორის ერთადერთი თავისუფალი სტილით მოჭიდავეა, მის წლევანდელ ანგარიშზე კი მსოფლიოს ოქრო და ევროპის ბრინჯაოა. კაგამი აზიისა და მსოფლიოს მოქმედი გამარჯვებულია, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში კი ბრინჯაო მოიპოვა.

წყარო – საქართველოს ჭიდაობის ფედერაცია