ჭიდაობა - 2018
ჭიდაობა - 2018

ჭიდაობაში, საქართველოსთვის  2018 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს, მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი, გენო პეტრიაშვილი გახდა. თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა გოლიათმა, ბუდაპეშტში ტიტული დაიცვა. გენო ფინალამდეც ბრწყინვალედ მივიდა, იქაც ჩინელ მეტოქეს არანაირი შანსი არ დაუტოვა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ზედიზედ მეორედ დაეუფლა.

პეტრიაშვილის გარდა, უნგრეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთაგან კვარცხლბეკზე ასვლა კიდევ სამმა ქართველმა მოახერხა.

თავისთვის სადებიუტო, პლანეტის პირველობაზე ფინალამდე მივიდა ავთანდილ კენჭაძე, იქ კი დასანანი მარცხი იწვნია და საბოლოოდ ვერცხლის მედალს დასჯერდა. ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ზურაბ იაკობიშვილი და ელიზბარ ოდიკაძე. ამ შედეგით 20118 წლის მთავარ ფორუმზე, გიორგი იანტბელიძის გუნდმა, პირად-გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილი დაიკავა.

ორი მედლით დაასრულა მსოფლიოს პირველობა, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. ტურნირზე მესამე ადგილი ნუგზარ წურწუმიამ და რობერტ კობლიაშვილმა დაიკავეს. წურწუმიამ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში, ჩინელი ლიგუო კაო ვადამდე 11:0 დაამარცხა, კობლიაშვილმა კი გადამწყვეტი ორთაბრძოლა, რუს ბეკხან ოზდოევს მოუგო.

კობლიაშვილისთვისაც და წურწუმიასთვისაც ეს 2018 წელს მეორე დიდი ტურნირის მედალი იყო. მანამდე მათ კვარცხლბეკზე ასვლა რუსეთის ქალაქ კასპინსკში გამართული ევროპის ჩემპიონატზეც შეძლეს. კობლიაშვილმა კონტინიენტის პირველობაზე, როგორც თავისუფალი ასევე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, საქართველოს ერთადერთი მედალი მოუპოვა. ამავე ტურნირზე კლასიკოსთაგან, ვერცხლს შმაგი ბოლქვაძე, ხოლო ბრინჯაოს ნუგზარ წურწუმია, დავით ჩხარტიშვილი, იური ლომაძე და იაკობ ქაჯაია დაეუფლნენ. საბოლოოდ ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედლით, ბექა როყვას გუნდმა საერთო ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს, მათ ევროპირველობა ასევე ექვსი მედლით, თუმცა ოქროს გარეშე დაასრულეს. ფინალური შეხვედრები გენო პეტრიაშვილმა და ბექა ლომთაძემ წააგეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა, ზურაბ იაკობიშვილმა, სანდრო ამინაშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ კი მესამე ადგილები დაიკავეს.

ჭიდაობის ორივე ამ სახეობაში, წარმატებული გამოდგა მსოფლიოსა და ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატებიც. დიდებში მსოფლიოს პირველობის დასრულებიდან მალევე, ისევ ბუდაპეშტში, პლანეტის უძლიერესები 23 წლამდელთა შორისაც გამოვლინდნენ. სადაც თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა სამი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი აიღეს. ეს ტურნირი განსაკუთრებით აღსანიშნავი ერთი ქართული ოჯახისთვის იყო. ავთანდილ კენჭაძემ დიდებს შორის აღებულ ვერცხლს, 23 წლამდელთა შორის ჩემპიონობა დაუმატა, ერთი დღით ადრე კი, ასევე ოქროს მედალს მისი ძმა – ნიკა კენჭაძე დაეუფლა. მათ გარდა ჩემპიონობა გივი მაჭარაშვილმაც იზეიმა, გიორგი ანდრიაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა.

იმავე ტურნირზე გუნდური პირველი ადგილი დაისაკუთრა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. მათ ჯამში სამი ოქრო და თითო ვერცხლი და ბრინჯაო დაისაკუთრეს. უნიკალური შედეგი დააფიქსირა, ზვიად პატარიძემ, მან ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მეექვსედ მოიგო. მასთან ერთად ბუდაპეშტში ჩემპიონები გელა ბოლქვაძე და ნუგზარ წურწუმია გახდნენ. ამ უკანასკნელისთვის 2018 წელი განსაკუთრებული გამოდგა. საქართველოს ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა, წლის ყველა მნიშვნელოვან ტურნირზე ასპარეზობა, როგორც დიდებში ასევე ასაკობრივებში, საპრიზო ადგილზე დაასრულა.

სამი მოჭიდავით იყო წარდგენილი საქართველო ბუენოს აირესში გამართულ ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე და სამივე მათგანმა ფინალში იასპარეზა. ჩემპიონი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი ჩხიკვაძე გახდა, ამავე სახეობაში ვერცხლს გიორგი თოხაძე დაეუფლა. ასევე ვერცხლის მედალი ერგო თავისუფალი სტილით მჭიდავე გიორგი გეგელაშვილსაც.

ნაყოფიერი და წარმატებული 2018 წლის შემდეგ, ქართველ მოჭიდავეებს წინ მნიშვნელოვანი საქართველოს ჩემპიონატი ელოდებათ. როგორც თავისუფალ ასევე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ქვეყნის უძლიერესი ფალავნები, თბილისის სპორტის სასახლეში, 10-იდან 13 იანვრის ჩათვლით გაირკვევიან. წინასწარი ინფორმაციით, ამ ტურნირის შედეგები ,მნიშვენლოვან გავლენას მოახდენს ეროვნული ნაკრების დაკომპლექტებაზე. ისინი კი ვინც ამ ნაკრებში მოხვდებიან, სხვადასხვა ტურნირებზე მედლების მოპოვების გარდა, ტოკიოს ოლიმპიადისთვის სალიცენზიო ქულების აღებასაც შეეცდებიან.