უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ საფეხბურთო კარიერაზე ოცნება წარსულს ჩაბარდა
იამაიკელი სპრინტერი და მრავალგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსეინ ბოლტი აცხადებს, რომ პროფესიონალ ფეხბურთელობაზე ოცნების პროცესი სასიამოვნო იყო. ბოლტმა რამდენიმე პროფესიულ საფეხბურთო კლუბში ივარჯიშა და ავსტრალიის სენტრალ კოუსტ მარინერსის შემადგენლობაში ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ორი გოლის გატანაც მოახერხა. კლუბმა მას კონტრაქტიც კი შესთავაზა, თუმცა ფეხბურთელი პირობებმა არ დააკმაყოფილა.
„არ ვამბობ, რომ რაღაცა არასწორად გავაკეთე. ეს გაკვეთილი იყო. ასეა, როდესაც რაღაცას აკეთებ, რაღაცას სწავლობ. კარგი გამოცდილება მივიღე და ძალიან ვისიამოვნე ამ პერიოდით. მძლეოსნობისგან ძალიან განსხვავდებოდა და კმაყოფილი ვარ“, – განაცხადა ბოლტმა.
შეგახსენებთ, რომ უსეინ ბოლტი რვაგზის ოლიმპიური და 11-გზის მსოფლიოს ჩემპიონია მძლეოსნობაში. გარდა ამისა, მას ეკუთვნის მსოფლიოს რეკორდები 100 (9.58 წამი) და 200 (19.19 წამი) მეტრზე სირბილში, რომლებიც ჯერ-ჯერობით ხელუხლებელია.