ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების საქმეზე ერთ-ერთი მოწმის ჩვენება გასაჯაროვდა
ბადრი პატარკაციშვილის სახლზე თავდასხმის მომზადების საქმის ფარგლებში ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის უკანონოდ დაკავების ფაქტზე ბრალდებულების საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. პროცესზე პროკურატურამ საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, თეა წერეთლის ჩვენება გაასაჯაროვა, ვინაიდან მოწმე საქართველოში არ იმყოფება.
აღნიშნულს არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე. მათი განმარტებით, მოწმის სასმართლოში დასაკითხად არ გამოუყენებიათ ყველა შესაძლებლობა.
„ეს მოწმე სისხლის სამართლის საქმეში დაკითხულია ორჯერ. პირველად დაიკითხა 2019 წლის 9 სექტემბერს, თუმცა მან ჩვენების მიცემის უფლებაზე განაცხადა უარი და შემოიფარგლა იმ ინფორმაციით, რომ ლევან ქარდავასთან მიმართებაში რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუცია. მეორე დღეს, 2019 წლის 10 სექტემბერს მისცა გამოძიებას ვრცელი ჩვენება მისცა. ის ლევან ქარდავას ბრალეულობას არ ასახელებს, პირიქით, მისი ჩვენება გამორიცხავს ლევან ქარდავას ამ საქმეში მონაწილეობას“, – აცხადებს ადვოკატი გია გოროზია.
პროკურორი დავით გუმბერიძე აღნიშნავს, რომ ვერ მოხერხდა თეა წერეთელთან დაკავშირება, შესაბამისად, იმ შემჭიდროებული რეჟიმიდან გამომდინარე, რაც სასამართლოს აქვს, ისარგებლეს კანონით განსაზღვრული უფლებით და გამოაქვეყნეს ჩვენება. მისივე თქმით, თეა წერეთლის ჩვენება ძალზე მნიშვნელოვანია.
„უკვე გაიწერა სამი პროცესი და თვის ბოლოს საქმეზე გვექნება მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილება იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც ბრალდების მხარემ გამოვიკვლიეთ. მიგვაჩნია, რომ საქმეზე დადგება გამამტყუნებელი განაჩენი და კონკრეტულად, ლევან ქარდავას, ილია გამგებელისა და დავით ქოქიაშვილის მიმართ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს“, – აცხადებს დავით გუმბერიძე.
საქმე ეხება ურეკის პოლიციის ყოფილი უფროსის დაკავებას, რაც გამოძიების ინფორმაციით, უკანონოდ მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, ჯემალ შამათავას 2006 წელს დაუკავშირდნენ კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები და აცნობეს, რომ ურეკში მდებარე ბადრი პატარკაციშვილის სახლიდან მოეხსნა დაცვა, რადგან გაფრთხილების სახით უნდა მომხდარიყო გასროლა, რათა ბადრი პატარკაციშვილს პოლიტიკური საქმიანობა შეეწყვიტა. ჯემალ შამათავამ კი, ამის შესახებ აცნობა პატარკაციშვილის დაცვას. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ ამის გამო ურეკის პოლიციის მაშინდელ ხელმძღვანელის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები დაიგეგმა და ის გაასამართლეს.
საქმეზე ბრალდებულია კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამი თანამშრომელი – ლევან ქარდავა, ილია გამგებელი და დავით ქოქიაშვილი.