უორენ ბაფეტი - აშშ-ის მდიდარი ფენა საკმარისად არ იბეგრება
უორენ ბაფეტი - აშშ-ის მდიდარი ფენა საკმარისად არ იბეგრება

ცნობილი ამერიკელი მილიარდერი, ინვესტორი და ფილანტროპი უორენ ბაფეტი თვლის, რომ აშშ-ის მოსახლეობის მდიდარი ფენა უფრო მეტად უნდა დაიბეგროს, ვიდრე ქვეყნის დანარჩენი მოსახლეობა.

„მდიდრები ჩვეულებრივ მოსახლეობასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებ გადასახადს იხდიან. უფრო რომ დავაკონკრეტო, მდიდარი უფრო მდიდრდება. ისმება კითხვა, როგორ ზრუნავ იმ ადამიანზე, რომელიც ჩინებული მოქალაქეა, რომლის მამაც ნორმანდიაში დაიღუპა და რომელიც არ არის ბაზრის პროფესიონალი მოთამაშე? ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადი საუკეთესო გზაა ამ საკითხის მოსაგვარებლად. ეს ნიშნავს, რომ ჩემნაირი ადამიანები მეტს გადაიხდიან, მაგრამ მე ეს მაწყობს“,- განაცხადა ბაფეტმა ტელეკომპანია „სიენბისი-სთან“ ინტერვიუში.

აშშ-ის კონგრესის ზოგიერთი წარმომადგენელი, მათ შორის დემოკრატი ალექსანდრია ოკაზიო კორტესი თვლის, რომ მდიდრებისა და ღარიბების შემოსავლებს შორის სულ უფრო მზარდი სხვაობა რომ გათანაბრდეს, მდიდარ ფენას საშემოსავლო გადასახადი უნდა გაეზარდოს. კორტესის წინადადებით, ის ადამიანები, ვისი შემოსავალიც 10 მილიონ დოლარს აღემატება, 70-პროცენტიანი განაკვეთით უნდა დაიბეგრონ.

მდიდრების შემოსავლის უფრო მაღალი განაკვეთით დაბეგვრის მომხრეა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი და მსოფლიოში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანი ბილ გეიტსიც, თუმცა ის 70-პროცენტიან ზრდას არ ემხრობა. მდიდარი ფენისთვის საგადასახადო ტვირთის ზრდის მომხრეთა შორის არიან მომავალ არჩევნებში პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატებიც, ელიზაბეთ უორენი და ბერნი სანდერსი. თუმცა მათ დაბეგვრის განსხვავებული სქემები აქვთ.