საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტებზე ორი კომპანიის ხელმძღვანელი პასუხისგებაში მისცა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ორი ფაქტი გამოავლინა.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პასუხისგებაში ორი კომპანიის ხელმძღვანელი მიეცა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელები, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდნენ შემოსავლების არასწორ დეკლარირებას და სათანადოდ არ იბეგრებოდნენ შესაბამისი გადასახადებით, რითაც თავს არიდებდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

საგადასახადო შემოწმებების შედეგად, ერთ შემთხვევაში, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 514 835 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 317 394 ლარი), ხოლო მეორე შემთხვევაში – 298 465 ლარი, (მათ შორის ძირითადი გადასახადი 196 785 ლარი).

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიებზე რიცხული ქონებების დაყადაღებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი