უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ
უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ

უკრაინული ტელეკომპანია „პრიამოის“ თანამშრომლები „რუსთავი 2-ის“ ტელეწამყვანის, გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად ფლეშმობის მოწყობას გეგმავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „სტრანა“ ტელეკომპანიაში არსებულ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, „პრიამოის“ თანამშრომლები გაბუნიას მხარდამჭერი აქციის გამართვას 10 ივლისს აპირებენ, თუმცა ფლეშმობის დეტალები ჯერ უცნობია.

უკრაინული მედიის ცნობით, ტელეკომპანია „პრიამოი“ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტთან, პეტრო პოროშენკოსთან დაკავშირებული არხია.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა.  მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“.  საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები. გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა  მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.