უკრაინული მედიის ცნობით, გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა მოიგერიეს, კიდევ სამ რაიონში ბრძოლები გრძელდება
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა დონბასში რუსი დამპყრობლების 14 თავდასხმა მოიგერიეს და ბრძოლები კიდევ სამ რაიონში გრძელდება.
როგორც უკრაინული მედია ქვეყნის გაერთიანებული ძალების გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაცვის მთელი ხაზის გასწვრივ იყენებენ სამხედრო თვითმფრინავებს, ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებს, მსხვილკალიბრიან არტილერიას, ტანკებს, სხვადასხვა სისტემების ნაღმტყორცნებს, ბომბავენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებსა და საცხოვრებელ ადგილებს.
მათივე ცნობით, რუსმა სამხედროებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 46 დასახლება დაბომბეს, გაანადგურეს და დააზიანეს 62 სამოქალაქო ობიექტი: 59 საცხოვრებელი კორპუსი, ელექტროქვესადგური და კულტურული ცენტრი. თავდასხმების შედეგად, სულ მცირე სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა დონეცკის ოლქის პოკროვსკისა და ბახმუტის რაიონებში. დონეცკისა და ლუგანსკის დანარჩენი ოლქების მონაცემები ჯერ კიდევ ზუსტდება.
უკრანული მედიის ცნობით, ლიმანის მიმართულებაზე რუსეთის ცალკეული ნაწილები ლიმანის დასახლების გარეთ გაიყვანეს. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი დამპყრობლები ცდილობენ, ალყაში მოაქციონ უკრაინის შეიარაღებული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის რაიონებში.
უკრაინული მედია წერს, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა კროვოი როგის სამხრეთით კონტრშეტევა განახორციელეს და საოკუპაციო ძალების ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს. მანამდე ქალაქი ფრთოსანი რაკეტებით დაიბომბა.