უკრაინის თასის ფინალში ქართველმა ითამაშა - ტიტულს დათა ხოჭოლავა დაეუფლა
ლაშა დვალისა და ლევან ყენიას შემდეგ შემდეგ, ევროპულ ქვეყანაში ტიტულის მფლობელი კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გახდა.
დათა ხოჭოლავას დონეცკის „შახტარმა“ უკრაინის თასის ფინალში ზაპოროჟიეს „სლავუტიჩ-არენაზე“ პერშა ლიგის (რანგით მეორე ლიგა) პეტროვოს „ინგულეცი“ 4:0 დაამარცხა – გუნდთან ერთად თასის მფლობელი 25 წლის ხოჭოლავაც გახდა. აღსანიშნავია, რომ „ინგულეცი“ პერშა ლიგის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც უკრაინის თასი ფინალამდე მიაღწია.
ამ ფინალში ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა, მაგრამ ეს არ გახლდათ „შახტარისა“ და საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი – დავით ხოჭოლავამ დონბასელთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მწვრთნელმა სუსტ გუნდთან დასვენების საშუალება მისცა.
„ინგულეცში“ ნიკა სიჭინავამ ითამაშა, რომელიც უკრაინაში იზრდებოდა და „შახტარის“ აკადემიაშიც ვარჯიშობდა. თუმცა, პროფესიული კარიერა საქართველოში დაიწყო. 24 წლის ქართველი თავდამსხმელი ფოთის „კოლხეთსა“ და „ვიტ ჯორჯიაში“ თამაშობდა. სიჭინავა ფინალში სათადარიგოთა შორის იყო, მოედანზე კი 35-ე წუთზე გამოჩნდა და პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა.
რაც შეეხება ხოჭოლავას, ის მალე უკრაინის ჩემპიონის ტიტულსაც მოიპოვებს. საამისოდ, „შახტარს“ დარჩენილი სამი შეხვედრიდან ერთის მოგებაც ჰყოფნის. აქამდე ქართველებიდან ტიტული ლაშა დვალმა და ლევან ყენიამ მოიპოვეს – პირველი „ფერენცვაროშში“ უნგრეთში გახდა ოქროსმედალოსანი, ხოლო ყენიამ ჩემპიონობა ლუქსემბურგში, „დუდელანჟში“ იზეიმა.