უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბუჩაში მსხვერპლთა რაოდენობის დათვლას კიდევ ორი კვირა დასჭირდება
უკრაინის შს მინისტრი აცხადებს, რომ ბუჩაში მსხვერპლთა რაოდენობის დათვლას კიდევ ორი კვირა დასჭირდება

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, დენის მონასტირსკის განცხადებით, ბუჩას რაიონში მსხვერპლთა დათვლას სულ მცირე ორი კვირა დასჭირდება. დენის მონასტირსკის თქმით, კიევის ოლქში მიმდინარეობს ნანგრევების გაწმენდა და სახლების დათვალიერება, სადაც გარდაცვლილებს ისევ პოულობენ.

„ნანგრევების დებლოკირებისთვის სულ მცირე კიდევ ორი ​​კვირაა საჭირო და ეს მხოლოდ პირველი ეტაპი იქნება. მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებთ ამ დასახლებებში დაღუპულთა პირველი რიცხვის დასახელებას“, – განაცხადა უკრაინის შს მინისტრმა.

მონასტირსკიმ აღნიშნა, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, ეროვნულმა პოლიციამ 4 200-ზე მეტი საქმე გახსნა, რუსების მხრიდან ომის კანონების დარღვევის შესახებ.

ამასთან, მისი თქმით, კიევის ოლქში საგანგებო სიტუაციების სამსახურის პიროტექნიკოსთა 17 ჯგუფი მუშაობს, რომლებმაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 6 500-ზე მეტი ასაფეთქებელი ობიექტი აღმოაჩინეს.