უკრაინელმა მოსკოვში რუსი მოკრივე დაამარცხა და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა
საინტერესო საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა პირველ მძიმე წონაში – რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ადგილობრივი მოკრივე მურატ გასიევი უკრაინელ ალექსანდრ უსიკს ხვდებოდა.
მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, უკრაინელმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა – 120:108, 1195:109, 119:109.
უსიკისთვის ეს იყო პროფესიულ რინგზე 15 ბრძოლაში მე-15 გამარჯვება. ახლა, უკრაინელი პირველ მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონია – ის ოთხი ძირითადი ვერსიის (WBC, WBO, IBF და WBA) მიხედვით ფლობს ტიტულს. ასეთი რამ, აქამდე ისტორიაში მხოლოდ სამმა მოკრივემ შეძლო – ამერიკელებმა ჯერმეინ ტეილორმა, ბერნარდ ჰოპკინსმა (ორივე – საშუალო წონა) და ტერენს კროუფორდმა (პირველი ნახევრადსაშუალო წონა).
დღეისთვის, ალექსანდრ უსიკი ერთადერთი აბსოლუტური ჩემპიონია პროფესიულ კრივში.