ოფიციალურად - ფიურიმ და უსიკმა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის სატიტულო ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT
ოფიციალურად - ფიურიმ და უსიკმა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის სატიტულო ბრძოლაზე კონტრაქტი გააფორმეს #1TVSPORT

სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ბრიტანელმა ტაისონ ფიურიმ ხელი მოაწერა კონტრაქტს WBA-ს, WBO-სა და IBF-ის საჩემპიონო ქამრების მფლობელთან, უკრაინელ ალექსანდრ უსიკთან ბრძოლაზე.

ამის შესახებ დაწერა ESPN-ის ავტორიტეტულმა ინსაიდერმა, მაიკლ კოპინჯერმა. მისი ინფორმაციით, მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე, რომლის მიხედვითაც, მათ ბრძოლაში სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული გათამაშდება. კონტრაქტი უკვე გაფორმებულია.

როგორც ვარაუდობენ, უკრაინელი და ბრიტანელი 23 დეკემბერს საუდის არაბეთში შეხვდებიან ერთმანეთს. ასევე, ბრძოლის თარიღად განიხილება მომავალი წლის იანვარი.

მოგვიანებით კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა ფიურიმ: „მე ვაკეთებ იმას, რასაც ვამბობ. შენ ვეღარ შეძლებ კურდღელივით სირბილს, უსიკ. შენ ეს კარგად გესმის“.

ფიურისა და უსიკს შორის გამარჯვებული გახდება ამ საუკუნეში მსოფლიოს პირველი აბსოლუტური ჩემპიონი სუპერმძიმე წონაში. ბოლოს ამ ტიტულს 1999 წელს ლეგენდარული ბრიტანელი ლენოქს ლუისი ფლობდა.

აღვნიშნავთ, რომ უსიკთან ბრძოლამდე ფიურიმ უნდა იჩხუბოს UFC-ის ყოფილ ჩემპიონთან, ფრენსის ნგანუსთან. ეს შეხვედრა 28 ოქტომბერს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართება.