უცხოელი ექიმი - მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რათა ვნახოთ, შეძლებს თუ არა 15 წლის მოზარდი მიღებული ტრავმის შედეგების დაძლევას
უცხოელი ექიმი - მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რათა ვნახოთ, შეძლებს თუ არა 15 წლის მოზარდი მიღებული ტრავმის შედეგების დაძლევას

ისრაელიდან მოწვეული ექიმი აცხადებს, რომ თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებულ 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ზიონ ზიბლის თქმით, მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა პაციენტი მიღებული ტრავმის დაძლევას.

15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

„ამჟამად ის კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რათა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მიღებული ტრავმის შედეგების დაძლევას. ახლა მას საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო მკურნალობას უწევენ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,- განაცხადა ისრაელიდან მოწვეულმა ქირურგმა ზიონ ზიბლიმ.

შეგახსენებთ, რომ 12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. მას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.